ევროპის საბჭო

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია №R(89)12 წევრი სახელმწიფოებისათვის

(მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 1989 წლის 13 ოქტომბერს მინისტრთა მოადგილეების 429-ე სხდომაზე)

მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის შესაბამისად –

  • მიიჩნევს რა განათლების უფლებას როგორც ფუნდამენტურ უფლებას;
  • მიიჩნევს რა, რომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისათვის;
  • აცნობიერებს რა, რომ პატიმართა დიდ ნაწილს ჰქონდა მწირი განათლება, და შესაბამისად, ესაჭიროებათ  განათლების მიღება;
  • მიიჩნევს რა, რომ განათლება ჰუმანურს ხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებას და აუმჯობესებს პატიმრობის პირობებს;
  • მიიჩნევს რა, რომ განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას პატიმართა საზოგადოებაში დაბრუნებისთვის ხელშესაწყობად;
  • ითვალისწინებს რა, რომ ზოგიერთი უფლების და ღონისძიების პრაქტიკული აღსრულებისას, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად, დასაშვებია წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა განსხვავება;
  • მხედველობაში აქვს რა რეკომენდაცია № R(87)3 ციხის ევროპული წესების შესახებ და რეკომენდაცია № R(81)17 ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის შესახებ,

–         რეკომენდაციას უწევს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს განახორციელონ პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: 

1.      ყველა პატიმრისთვის განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელშიც იგულისხმება საბაზისო და პროფესიული განათლება, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები, ფიზიკური განათლება და სპორტი, სოციალური განათლება და ბიბლიოთეკა;

2.      პატიმრისთვის მიწოდებული განათლება უნდა იყოს მსგავსი იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის გარე სამყაროში მიწოდებული განათლებისა, და ცოდნის შეძენის საშუალებები უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო;

3.      განათლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიზნად უნდა ჰქონდეს ინდივიდის სრულყოფილი განვითარება პიროვნების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

4.      ყველამ, ვინც ჩაბმულია სასჯელაღსრულების სისტემის მართვასა და ადმინისტრირებაში რაც შეიძლება მეტად უნდა შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს განათლების უზრუნველყოფას;

5.      განათლებას არ შეიძლება ჰქონდეს უფრო ნაკლება სტატუსი ვიდრე შრომას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრებმა არ უნდა მიიღონ ფინანსური ან სხვაგვარი დანაკარგი საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის გამო;

6.      ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატიმრები წახალისებულნი იქნენ და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესებში;

7.      განვითარების პროგრამები უნდა იყოს უზრუყოფილი სასჯელაღსრულების სისტემაში განათლების მიწოდებით დაკავებული პირებისათვის, რომ მათ შეიძინონ სპეციალური მეთოდები ზრდასრულთა განათლებისათვის;

8.      განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ პატიმრებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული სიძნელეები და განსაკუთრებით იმ პატიმრებს, რომელთაც აქვთ წერისა და კითხვის პრობლემები;

9.      პროფესიული განათლება მიზნად უნდა ისახავდეს პიროვნების ზოგად განვითარებას და, ასევე, უნდა იყოს შესაბამისი იმ დროისთვის არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებისა;

10.  პატიმრებს უნდა შეეძლოთ კარგად აღჭურვილი ბიბლიოთეკით სარგებლობა კვირაში ერთხელ მაინც;

11.   პატიმრების ფიზიკურ მომზადებასა და სპორტს ხელი უნდა შეეწყოს და წახალისდეს;

12.  კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, რადგან ასეთ საქმიანობას აქვს განსაკუთრებული პოტენციალი პატიმართა განვითარებისა და თვითგამოხატვისათვის;

13.  სოციალური განათლება უნდა შედგებოდეს პრაქტიკული ელემენტებისგან, რომლებიც საშუალებას აძლევს პატიმრებს წარმართონ ყოველდღიური ცხოვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაც მათ საზოგადოებაში დაბრუნებას დაეხმარება;

14.  თუ შესაძლებელია, პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება მიიღონ განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთაც;

15.  როდესაც განათლების უზრუნველყოფა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების შიგნით, გარეთ მყოფი საზოგადოება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში;

16.  უნდა გატარდეს ღონისძიებები იმისათვის, რომ პატიმრებმა განაგრძონ განათლების მიღება მათი განთავისუფლების შემდეგაც;

17.  ფინანსური რესურსები, აღჭურვილობა და განათლების სექტორში დასაქმებული პერსონალი  უნდა იქნას უზრუნვეყოფილი იმისათვის, რომ პატიმრებმა მიიღონ შესაბამისი განათლება.

Disclaimer:
The translated text is not official.
For an official, juridical reference use the English or French version.